შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის 4 ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნება რუმინეთში განიხილება – ეკონომიკის სამინისტრო

შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის 4 ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნება რუმინეთში განიხილება – ეკონომიკის სამინისტრო

შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთის ერთობლივი კომპანიის დაფუძნება რუმინეთში განიხილება. ამის შესახებ თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამართულ მე-7 მინისტერიალზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან – ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვთან. მხარეებმა ისაუბრეს ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების და მისი ადგილმდებარეობის საკითხზე – ამ ეტაპზე რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი განიხილება. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მინისტერიალის მიმდინარეობისასაც იმსჯელეს.

მინისტერიალი სპეციალური ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ყურადღება გამახვილდა პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპებზე. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა უკვე ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.

„მინისტერიალის მონაწილეები ასევე გაეცნენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველად შედეგებს, მის მიმდინარეობას და შესაბამის პრეზენტაციას, რომელიც კონტრაქტორი კომპანია CESI – ის წარმომადგენელმა გააკეთა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და შეთანხმების ფარგლებში ინიციირებული „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის, პროექტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

გარდა ამისა, მოხსენებები გააკეთეს პროექტში ჩართული სახელმწიფოების ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა, ასევე რუმინეთის „ტრანსელექტრიკის“, „აზერენერჯის“, უნგრეთის ენერგეტიკული კომპანიის MVM – ის ხელმძღვანელმა პირებმა.

„ამ მნიშვნელოვანი პროექტით საქართველოს საშუალება აქვს, ეფექტური გზით დაუკავშირდეს ევროკავშირს და წვდომა ჰქონდეს მნიშვნელოვან ენერგობაზარზე. ასევე, ჩვენს ქვეყანას საშუალება აქვს, მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი შეასრულოს და კასპიის ზღვის განახლებადი ენერგიების მიწოდების გზით ევროპას ახალი, განახლებადი ენერგიებით უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ივლისამდე გადაიდო. კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.

თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ლევან დავითაშვილი პროექტს ასე აფასებს: „ვფიქრობ, რომ ეს პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ ბუქარესტში დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს“.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. ამასთან, მემორანდუმის გაფორმებისას ითქვა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს მწვანე ენერგიას მიაწვდიდა, თუმცა არსებული მდგომარეობით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამომუშავება 95%-ით საწვავ რესურსებზე არის დამყარებული, ხოლო მზის და ქარის ენერგიის ათვისებას აზერბაიჯანი მხოლოდ ახლა იწყებს. ასევე, მკაფიოდ განსაზღვრული არაა, როდის შევა ამ მიმართულებით ახალი სიმძლავრეები ძალაში.

მსგავსი სიახლეები

მეოთხედს გაუჭირდა აზრის დალაგებულად გადმოცემა – UNICEF-ის კვლევა საქართველოში სტუდენტების უნარებზე

მეოთხედს გაუჭირდა აზრის დალაგებულად გადმოცემა – UNICEF-ის კვლევა საქართველოში…

UNICEF-ი აქვეყნებს კვლევას საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით,…
„ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება“ – როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი იმერეთში?

„ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება“ – როგორ მიმდინარეობს…

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ისრაელ-ირანს შორის დასრულებული საომარი მოქმედებების შემდეგ იმერეთში ტურისტების რაოდენობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან…
მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 2024 წელს ₾167 მილიონით იზარალა

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 2024 წელს ₾167 მილიონით იზარალა

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 2024 წელს 167 მილიონი ლარით იზარალა, ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. ეს 2023 წელს დაფიქსირებულ 29-მილიონიან ზარალზე…