Galt & Taggart- ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინები საქართველოში

Galt & Taggart- ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინები საქართველოში

2023 წელს საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელზე კარგი შედეგები დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი გაგრძელდა, ინფლაცია და უმუშევრობა შემცირდა და ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავია რიგი საგარეო ნეგატიური მოვლენების ფონზე, რაც რუსეთ-უკრაინის და ისრაელი-ჰამასის ომებს და ასევე დოლარის და ევროს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება.

საქართველომ პოზიტიური მაკროპარამეტრების პარალელურად, უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. 2023 წლის დეკემბერში ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც დიდი წარმატებაა და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მოლოდინებს.

 

2023 წლის ეკონომიკური ტენდენციების შეჯამება:

  • 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზარდა და მოსალოდნელი წლიური ზრდაც ამ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,100 აშშ დოლარს გადააჭარბებს და ამ მაჩვენებლით საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერი იქნება. პოზიტიურია ის, რომ ეკონომიკური ზრდის წარმმართველი კომპონენტი ინვესტიციებია. ამასთან, დარგობრივ ჭრილში ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორმა განაპირობა, რომელთაგან მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების და სტუმარ-მასპინძლობის დარგები.
  • ინფლაცია სწრაფად შემცირდა და 2023 წლის აპრილიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3.0%-ზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ამან საშუალება მისცა ეროვნულ ბანკს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, წლის დასაწყისში არსებული 11.0%-დან, დეკემბერში 9.5%-მდე შეემცირებინა, რაც პოზიტიურია 2024 წლის ეკონომიკური ზრდისთვის.
  • 2023 წლის იანვარ-სექტემბერში უმუშევრობა 16.8%-მდე შემცირდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასები წლიურად 17.4%-ით გაიზარდა და 1,800 ლარი შეადგინა. ამასთან, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება: ინფორმაცია და კომუნიკაციების (₾3,800), საფინანსო (₾3,250) და მშენებლობის დარგებში (₾2,600). აღსანიშნავია, რომ დაბალი ინფლაციის ფონზე, რეალური ხელფასის ზრდის ტემპი მაღალია და დასაქმებულთა მსყიდველუნარიანობაზე დადებითად მოქმედებს.
  • ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა 2023 წლის განმავლობაში, რაც სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობებზე დადებითად აისახა.
  • 2023 წელს როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან სავალუტო ნაკადების ნორმალიზება მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჯამური სავალუტო შემოდინებები სოლიდურია და ხელს უწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, 4.5%-ის ფარგლებში შენარჩუნებას. აღსანიშნავია, სავალუტო შემოდინებების ახალი მზარდი წყაროების გაჩენა, როგორიცაა IT მომსახურების ექსპორტი და განათლების სექტორში უცხოელი სტუდენტების მზარდი ნაკადები.
  • საბანკო დაკრედიტების კუთხით აღსანიშნავია ბიზნეს დაკრედიტების დაჩქარება, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე.
  • 2023 წლის ფისკალური პარამეტრები გაუმჯობესდა – ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან 2.8%-ის ფარგლებში, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 38.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი. ამავდროულად, სტაბილური ლარის ფონზე, საგარეო ვალის მომსახურების ტვირთი დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
  • აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდა მონეტარული და ფისკალური ბუფერები, რაც პოტენციური საგარეო შოკის ზეგავლენის გასანეიტრალებლად ძალზე მნიშვნელოვანია. კერძოდ, მაღალი სავალუტო შემოდინებების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით. რეკოდრულად, 1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

 

2024 წლის ეკონომიკური მოლოდინები

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს 2 სცენარი – საბაზისო და ოპტიმისტური და ამ უკანასკნელში კანდიდატის სტატუსის პოზიტიური გავლენა მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო მაღალია. ამასთან, ჩვენი საბაზისო სცენარით:

  • საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება 2024 წელს;
  • ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.7 და 3.0-ის ფარგლებში 2024 წელს;
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2023 წლის ბოლოს არსებული 9.5%-დან ეტაპობრივად 5%-მდე შეამციროს2024 წლის ბოლოსთვის.

ოპტიმისტურ სცენარში გვაქვს დაშვება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს საბაზისო სცენარში არსებულ დაშვებებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს მომხმარებელთა და ინვესტორთა განწყობებს. შესაბამისად, ჩვენი ოპტიმისტური სცენარით:

  • საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება 2024 წელს;
  • ლარი/დოლარის და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.65 და 2.95-ის ფარგლებში 2024 წელს;
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2023 წლის ბოლოს არსებული 9.5%-დან ეტაპობრივად, 0%-მდე შეამციროს 2024 წლის ბოლოსთვის.

რაც შეეხება რისკებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ეკონომიკური პროგნოზები, ეს კვლავ უკავშირდება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებული ბუფერებით ქვეყანას შეუძლია გაუმკლავდეს პოტენციურ რისკებს მათი რეალიზების შემთხვევაში.

გალტ & თაგარტის სრული კვლევა 2024 წლის ეკონომიკურ და სექტორულ მოლოდინებზე მოცემულია შემდეგ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…