მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას გეგმავს

მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში განაცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება.  

მისი განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს, თუმცა თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რასაც TAV-თან არსებული ხელშეკრულება განაპირობებს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობასა და TAV-თან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდე არის მოქმედი.

სამხრეთ კორეაში იმყოფება გადაცემა BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკის” ავტორი და წამყვანი ელენე კვანჭილაშვილიც, რომლის  კითხვაზე –  ნიშნავს თუ არა ლაშა ხუციშვილის განცხადება იმას, რომ 2027 წლიდან TAV-თან არსებულ ხელშეკრულებაში პირობები შეიცვლება, მინისტრი პასუხობს, რომ სწორედ ამის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა. 

“წინასწარი შეფასებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს არ აქვს გაფართოების შესაძლებლობა იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ქვეყანას სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ მგზავრთა რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება და შესაბამისად დღის წესრიგში დგას უკვე ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც ექნება უფრო მეტი გამტარობა. ეს პროცესია ზუსტად ახლა და ამ გადაწყვეტილებისთვის არის შესაბამისი ვადები და 2027 წლამდე მოქმედებს ვადა, რომლითაც იზღუდება 200 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, თუმცა ეს პერიოდი არის შესაძლებლობა, რომ სანამ დასრულდება ეს ვადა და ეს ხელშეკრულება, იმ დროისთვის უკვე ახალი აეროპორტი იყოს მწყობრში. ამ მიმართულებით გარკვეული შესწავლები ჯერ კიდევ არის განსახორციელებელი, რადგანაც აეროპორტი და ეკონომიკურად მისი ფუნქციონირება ძალიან გამართული უნდა იყოს. თუმცა, არსებული რიცხვებიდან და მგზავრთნაკადიდან ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში შეიძლება არც იყოს საჭირო სახელმწიფოს სუვერენული დაფინანსება”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ელენე კვანჭილაშვილი: ბატონო ლაშა, დავაზუსტებ, პოლიტიკურად ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ პირობებით TAV-ს აღარ გაუგრძელდება ცალსახად 200-კილომეტრიანი რადიუსის შეზღუდვა?

ლაშა ხუციშვილი: ამ პირობებით ასეთი ტიპის შეზღუდვა ვფიქრობთ რომ აღარ იქნება, იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ მძიმე შეზღუდვაა ეს. ბევრი საკითხია, მათ შორის კონკურენციის საკითხებიც. მიზეზები აქვს იმას, რომ თბილისიდან ბევრი ავიახაზები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ვერ დაფრინავენ, რადგანაც ტარიფები არის საკმაოდ მაღალი. ახალ აეროპორტს ექნება საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი მგზავრი მოიზიდოს. ეს არის ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი. საქართველოში თვითმფრინავით შემოსული მგზავრების მიერ დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე სახმელეთო გზით შემოსული მგზავრების დანახარჯები. შესაბამისად ავიაციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…