ბედნიერება – ეკონომიკური განვითარების ზომა

ბედნიერება – ეკონომიკური განვითარების ზომა

რამაზ აბესაძე, პროფესორი

მოსახლეობის კეთილდღეობის შეფასების სხვადასხვა მიდგომას ეკონომისტები
დიდი ხანია იყენებენ. ყველაზე გავრცელებულია ეკონომიკური შეფასება მთლიანი
შიდა პროდუქტის გაანგარიშებით, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე. ეს
მაჩვენებელი 1934 წელს შემოიღო ამერიკელმა ეკონომისტმა, სიმონ კუზნეცმა.
მაგრამ, მას აქვს ნაკლოვანებები, რაც ამ მაჩვენებელით კეთილდღეობის სრული
შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. ის არ ითვალისწინებს ბევრ პარამეტრს, მათ
შორის: ოჯახებში წარმოებას. საკუთარ მოხმარებას, ხარისხის მახასიათებლებს,
გარემოსდაცვით ინდიკატორებს, არ იძლევა ცალკეული ქვეყნების დარგობრივი
სპეციალიზაციის შედარების შესაძლებლობებს და სხვa [5].
მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიებს – „ეკონომიკურ განვითარებას“ და
„ეკონომიკურ ზრდას“, ლიტერატურაში განასხვავებენ, პრაქტიკაში (და ხშირად
ნაშრომებშიც) ეს კატეგორიები მაინც, თითქმის, ერთნაირი გაგებით იხმარება –  თუ
ეკონომიკურ ზრდას აქვს ადგილი, ითვლება, რომ ეკონომიკურ განვითარებასაც აქვს
ადგილი და, პირიქით, თუ ეკონომიკურ დაქვეითებას აქვს ადგილი, მაშინ
ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რაც არასწორია. ეკონომიკური
ზრდა ნიშნავს ეკონომიკის რაოდენობრივ მატებას, ეკონომიკური განვითარება კი
ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას.
მაშასადამე, ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რაოდენობრივ, ხოლო ეკონომიკური
განვითარება თვისებრივ ცვლილებებს. ისტორიულად, ადამიანთა კეთილდღეობის
ამაღლებაში, თავდაპირველად გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდას
ენიჭებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ეკონონომიკაში მნიშვნელოვანი თვისებრივი
ცვლილებები იწყება (ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ), ეკონომიკური
განვითარების როლი იზრდება. ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო 
და უფრო დამოკიდებული ხდება ეკონომიკურ განვითარებაზე, ანუ პროგრესულ
თვისებივ ცვლილებებზე ეკონომიკაში და არა ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური
ზრდის დაბალი ან, თუნდაც, ნულოვანი ტემპების არსებობის შემთხვევაშიც კი
შესაძლებელია საზოგადოების კეთილდღეობის (კომფორტის) ამაღლება, რასაც
განაპირობებს შემდეგი კანონზომიერება: ერთი და იმავე ღირებულების
პროდუქციას (მშპ, მეპი გაანგარიშებული ფასებით) მიმდინარე წელს მეტი
კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, ვიდრე წინა წლებში. ყოველივე ამას კი
განაპირობებს: არსებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, მოძველებული
პროდუქციისა და ტექნოლოგიების მოხმარებიდან გასვლის, ახალი, მანამდე უცნობი
მახასიათებლების მქონე პროდუქციისა და ტექნოლოგიების მოხმარებაში
შემოსვლის სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპები. ეკონომიკური ზრდის მთავარი
ფაქტორი სწორედ ეკონომიკური განვითარება ხდება. ეკონომიკური განვითარება
ეფუძნება ინოვაციებს, რის საფუძველზედაც მოხმარებიდან გადის ძველი და
შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ფიზიკური კაპიტალი, სამომხმარებლო

პროდუქცია, წარმოების ორგანიზაციის მეთოდები და ფორმები, ინსტიტუციები,
იზრდება ადამიანისეული კაპიტალი და ა. შ.
ამდენად, უპირატესობა მნიშვნელობა ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლების
საქმეში ენიჭება, ეკონომიკურ განვითარებას ანუ ეკონონიკაში, ინოვაციების
საფუძველზე, პროგრესული თვისებრივი ცვლილებების განხორციელებას.
ეკონომისტები უკვე გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან მიუთითებებდნენ
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნაკლოვანებებზე, რომ იგი ვერ გამოხატავდა
ადამიანთა კეთილდღეობის დონის ამაღლებას. თვით საიმონ კუზნეციც მიიჩნევდა,
რომ ერის კეთილდღეობა ძნელად შეიძლება მშპ-ს მაჩვენებლით გაიზომოსო.
ბედნიერების ინდექსის შემოღება დაკავშირებულია ბუტანის სამეფოსთან.1629
წლის ბუტანის უძველეს სამართლებრივ კოდექსში ნათქვამია, რომ თუ მთავრობას
არ შეუძლია შექმნას ბედნიერება თავისი ხალხისთვის, მაშინ არ არსებობს
მთავრობის არსებობის მიზანი. კოდექსში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბუტანის
კანონებმა უნდა შეუწყოს ხელი ყველა ხალხის ბედნიერებას [1]. 2017 წლამდე
ბუტანი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ბედნიერების
სამინისტრო (მოგვიანებით მსგავსი ინსტიტუტები გაჩნდა ვენესუელასა და
ეკვადორში).
პირველი მცდელობა ბედნიერების ინდექსის შემოღებასთან დაკავშირებით
ეკუთვნის ბუტანის მეოთხე მეფეს, ჯიგმე უგიენ ვანგჩუკს, რომლმაც 1972 წელს
მთავრობას შეთავაზა „მთლიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსის“ შემოღება. იგი
ამბობდა – ჩვენ არ გვჯერა მთლიანი ეროვნული პროდუქტის. მთლიანი ეროვნული
ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანიაო. მთლიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსი
(GNH) ოფიციალურად იქნა მიღებული, როგორც განვითარების ინდიკატორი
ბუტანის 2008 წლის კონსტიტუციაში [4].
2008 წელს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიწყო მსგავსი ინიციატივა
საფრანგეთში, რომელიც მოითხოვდა ბედნიერებისა და კეთილდღეობის ჩართვას
ეროვნული მმართველობის პოლიტიკის კრიტერიუმებში. მან ცნობილ მეცნიერებს
ჯოზეფ სტიგლიცს ამარტია სენს და ჟან პოლ ფიტუსს დაავალა, შეემუშავებინათ
ახალი ჩარჩო ბედნიერებისა და კეთილდღეობის გასაზომად და ამით მშპ-ს
ნაკლოვანებათა დასაძლევად. შეიქმნა კომისია, რომელიც ცნობილია როგორც
ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სოციალური პროგრესის გაზომვის კომისია
(CMEPSP). მასში შედიოდა 29 პროფესორი და მკვლევარი. კომისია გამოვიდა
შემდეგი რეკომენდაციით: დროა საზომმა სისტემამ აქცენტი გადაიტანოს
ეკონომიკური წარმოების გაზომვიდან ხალხის კეთილდღეობის გაზომვაზე,
რისთვისაც კომისიამ დაადგინა შემდეგი ძირითადი განზომილებები: მატერიალური
ცხოვრების დონე; ჯანდაცვის დონე; განათლების დონე; პირადი საქმიანობა;

პოლიტიკური მდგომარეობა; სოციალური მდგომარეობა; გარემოს დაცვის
მდგომარეობა: ადამიანთა როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური დაუცველობა [8].
2011 წლის ივლისში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,
რომელიც მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს, შეაფასონ თავიანთი ხალხის ბედნიერება და
გამოიყენონ ეს მონაცემები საჯარო პოლიტიკის დასახმარებლად. 2012 წლის 2
აპრილს ამას მოჰყვა გაეროს პირველი მაღალი დონის შეხვედრა სახელწოდებით
„კეთილდღეობა და ბედნიერება: ახალი ეკონომიკური პარადიგმის განსაზღვრა“,
რომელსაც თავმჯდომარეობდნენ გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი და
ბუტანის პრემიერ მინისტრი ჯიგმი თინლი (იმ ქვეყმის პრემიერ-მინისტრი,
რომელმაც მიიღო „მთლიანი ეროვნული ბედნიერების” მაჩვენებელი, „მთლიანი შიდა
პროდუქტის“ ნაცვლად, როგორც მათი განვითარების მთავარი ინდიკატორი).
შედეგად გამოქვეყნდა პირველი მოხსენება მსოფლიო ბედნიერების შეფასების
შესახებ, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მასში პირველად
ასახული იყო მსოფლიო ბედნიერების მდგომარეობა, ბედნიერებისა და
უბედურების მიზეზები და პოლიტიკის შედეგები. 2013 წელს გამოქვეყნდა მეორე
მსოფლიო ბედნიერების ანგარიში, 2015 წელს კი – მესამე. 2016 წლიდან იგი
ყოველწლიურად გამოიცემა 20 მარტს, გაეროს ბედნიერების საერთაშორისო დღეს
[4].
მთლიანი ეროვნული ბედნიერება არის ინდექსური ფუნქცია მოსახლეობის ერთ
სულზე საშუალოდ შემდეგი საერთო მონაცემებისა: ეკონომიკური კეთილდღეობა
(ეკონომიკური ინდიკატორები, როგორიცაა სამომხმარებლო ვალი, მედიანური
შემოსავალი და მათი კავშირი სამომხმარებლო ფასების ინდექსთან და შემოსავლის
განაწილებასთან; გარემო (გამოითვლება გარემოს ინდიკატორების გაზომვით,
როგორიცაა დაბინძურება, ხმაური საცობები და სხვა); ფიზიკური ჯანმრთელობა
(გამოითვლება ფიზიკური ჯანმრთელობის გაზომვით. მაგალითად, მძიმე
ფიზიკური დაავადება და სხვა); ფსიქიკური ჯანმრთელობა (გამოითვლება
ფსიქიკური ჯანმრთელობის ინდიკატორების გაზომვით, როგორიცაა
ანტიდეპრესანტების გამოყენება და სხვა); სამუშაო (გამოითვლება სამუშაოს
შესრულების გაზომვით, როგორიცაა უმუშევრობის პრეტენზიები, სამუშაოს
ცვლილებები, სამუშაოს საჩივრები და სასამართლო პროცესები); სოციალური
(გამოითვლება ისეთი სოციალური ინდიკატორების გაზომვით, როგორიცაა
დისკრიმინაცია, უსაფრთხოება, განქორწინების მაჩვენებელი, საშინაო და ოჯახური
საჩივრები, საჯარო სარჩელები და დანაშაულის მაჩვენებლები; პოლიტიკური
კეთილდღეობა (გამოითვლება ისეთი პოლიტიკური ინდიკატორების გაზომვით,
როგორიცაა ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი, ინდივიდუალური თავისუფლება

და გარე კონფლიქტი) [7]. პირადი ბედნიერების ინდექსის გამოთვლისას შეიძლება
გამოყენებული იყოს შემდეგი კითხვები: როგორია თქვენი შემოსავლის დონე; არის
თუ არა რაიმე დავალიანება; ბედნიერი ხარ თუ არა იქ, სადაც ცხოვრობ; როგორია
მეზობლები; მოგწონთ თუ არა თქვენი ბინა; ხარ თუ არა ჯანმრთელი; გრძნობთ თუ
არა შინაგან ბედნიერებას; რამდენად ხშირად გრძნობთ შფოთვას; კმაყოფილი ხარ
თუ არა შენი სამსახურით; მოგწონთ თუ არა თქვენი კოლეგები და მენეჯმენტი;
გაქვთ თუ არა ძლიერი ურთიერთობა და სხვა განზომილებები, რომლებიც
პიროვნებისათვის მნიშვნელოვანია ბედნიერების თვალსაზრისით [6].

2023 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მიხედვით უკვე ზედიზედ მეექვსე
წელია ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის სათავეში კვლავ ფინეთია.
ბედნიერი ქვეყნების ოცეულში წამყვან პოზიციას ასევე იკავებენ: დანია,
ისლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია,
ლუქსემბურგი , ახალი ზელანდია, ავსტრია, ავსტრალია, კანადა,
ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ჩეხეთის
რესპუბლიკა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა [3].

 

ლიტერატურა

1. History of GNH
https://www.gnhcentrebhutan.org/history-of-gnh/
2. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანები – 2023 რეიტინგში. Forbes. 2023.
https://forbes.ge/msophlios-qhvelaze-bednieri-qveqhnebi-2023-tslis-reitingi/
3. World Happiness Report. 2023.
https://worldhappiness.report/ed/2023/
4. მთლიანი ეროვნული ბედნიერება
https://hmn.wiki/ka/Gross_National_Happiness
5. Счастье: как его измерить?
https://vc.ru/flood/630014-schaste-kak-ego-izmerit

6. Как подсчитать уровень счастья
https://4brain.ru/blog/как-подсчитать-уровень-счас
7. Как одной формулой определить ваш уровень счастья
https://lifehacker.ru/formula-for-happiness/
8. Report by the Commission on the Measurement of Economic Performance and Social
Progress
https://www.economie.gouv.fr/files/finances/presse/dossiers_de_presse/090914mesure_pe
rf_eco_progres_social/synthese_ang.pdf

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…