საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს – TI

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს – TI

2023 წლის იანვარი-ივნისი

2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. დამოკიდებულების ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6,539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21,326 კომპანიაა რეგისტრირებული2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში;
  • 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-მდე არასდროს მიუღწევია;
  • რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად;
  • რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ყველაზე მეტად ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა;
  • რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია. რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა;
  • 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა – 75%-ით. თუ შევადარებთ, რუსეთ-უკრაინის  ომამდელ პერიოდს, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია;
  • 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.

რეკომენდაციები

საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამონაწილეობით ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის, რომლებიც კვლავ აქტუალურია:

  • რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.

I.      შესავალი

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა  ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე ბოლო კვლევა[1] 2023 წლის თებერვალში გამოვაქვეყნეთ, რომელშიც 2022 წლის მდგომარეობა იყო შესწავლილი. წინამდებარე კვლევა ძირითადად 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და ტენდენციებს მოიცავს.

II.     საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი მაჩვენებლები

1.      საგარეო ვაჭრობა

2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 32%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 12.4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.

2023 წლის იანვარ-ივნისში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა 38 მლნ დოლარით (275%-ით). უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 35 მლნ დოლარით (113%-ით) გაიზარდა. ღვინის ექსპორტი 24 მლნ დოლარით (41%-ით) გაიზარდა, სპირტიანი სასმელების კი 11 მლნ დოლარით (82%-ით). მნიშვნელოვნად მხოლოდ ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა – 41 მლნ დოლარით (47%-ით). 2023 წლის მარტიდან რუსეთმა ფეროშენადნობების იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა, რამაც საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების შეტანა შეაჩერა.

2023 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოს მთავრობამ აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან კი მსგავსი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტსაც შეეხება.[2] საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრებითაა განპირობებული.

მიმდინარე წლის 6 თვეში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 82 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზე უალკოჰოლო სასმელები იყო 66 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 53 მლნ აშშ დოლარით.  

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსული საქონლის საქართველოში იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (გრაფიკი 3). საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 12.9% იყო, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. წლის პირველ ნახევარში, რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. 2021 წლის 6 თვესთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი.

2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 137 მლნ დოლარით (75%-ით). 2021 წლის 6 თვესთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ბუნებრივი აირის იმპორტი 45 მლნ დოლარით (138%-ით) გაიზარდა, შავი ლითონების იმპორტი 20 მლნ დოლარით (71%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა მარგარინის  22 მლნ დოლარით (87%-ით), ელექტროენერგიის 15 მლნ დოლარით (96%-ით) და სატელეფონო აპარატების 8 მლნ დოლარით (96%-ით) იმპორტი.

მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 321 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე ბუნებრივი აირი იყო 78 მლნ დოლარით.

ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 82 მლნ აშშ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იანი ზრდაა. გაიზარდა საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც და 65%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე, ტრადიციულად, მაღალია. 2022 წელს რუსეთიდან 129 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 97% იყო. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და ფქვილის მოცულობა 26 ათასი ტონით (21%-ით) გაიზარდა. რუსულ ხორბალს და ხორბლის ფქვილს საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარებაში 75%-მდე უჭირავს.

ბოლო წლებში რუსულ ელექტროენერგიას საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2022 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 2.6% იყო.[3] 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო[4], რაც იმან განაპირობა, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია.

განსხვავებული სიტუაციაა რუსული ბუნებრივი აირის მოხმარებაში. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში 6.5% ეკავა. 2020 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2022 წელს 3-ჯერ მეტი (520 მლნ კუბ მეტრი) რუსული ბუნებრივი აირი მოვიხმარეთ, ვიდრე 2019 წელს. 2023 წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და 422 მლნ კუბ მეტრი შეადგინა. საქართველოს შიდა მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 24%-მდე გაიზარდა,  გასული წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო.[5]

რომ შევაჯამოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველია. რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად, საავტომობილო საწვავის, ბუნებრივი აირის და შავი ლითონების იმპორტის ზრდის გამო.

2.      ტურიზმი და ფულადი გზავნილები

„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით  იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.

2022 წელს პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს  რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია.

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით.

2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსი ვიზიტორების წილმა 20.2% შეადგინა. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია .

რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა მხოლოდ 2022 წლის მდგომარეობითაა ცნობილი. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, ანუ აღირიცხა როგორც იმიგრანტი.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…